вторник, 9 декабря 2008 г.

მოლოდინი

მოლოდინი... რას ველოდები? კარგს თუ ცუდს? არ ვიცი... მთელი მსოფლიო რაღაცას ელოდება, მაგრამ არც ეს ვიცი, კარგს თუ ცუდს.
აქამდე არასოდეს მიფიქრია, ასეთი შემაწუხებელი თუ იქნებოდა გაურკვეველი მოლოდინი, მოლოდინი მშვიდობისა, გადარჩენისა. როგორი შიშით, გაფართოებული თვალებით შევყურებთ ურჩხულს, რომელიც ჩვენ გაქრობას ცდილობს, ცდილობს მოგვისპოს ეროვნულობა, ყველაფერი კარგი რაც გაგვაჩნია.
მოლოდინით ცხოვრობს ჩემი ქალაქი, ჩემი პატარა უბანი, ერთ დროს მშვიდი, ახლა აფორიაქებული ისევ მოლოდინით. ვიხსენებ განცდილს და მინდა ფურცელზე გადავიტანო.
მინდა დავწერო შვილზე, რომელმაც არ მიატოვა მშობლები და მწოლიარე მამის საწოლს ერთი ოთახიდან მეორეში დაატარებდა, ,რომ გორში ჩამოყრილი ბომბებისაგან ჩამტვრეული მინის ნამსხვრევებს არ დაეჭრა ავადმყოფი.
მინდა დავწერო ქალბატონზე, რომელმაც არ მიატოვა შვილიშვილის საფლავი და, იქ მისვლის საშუალება რომ არ ჰქონდა, სახლიდან გასძახოდა: ”შვილო, სენ დაგიმიწდეს ბებო, არ შეგეშინდეს, მე აქა ვარ, მარტო არ დაგტოვებ!”
მინდა დავწერო დედაზე, რომელსაც ერთი შვილი მოუკლეს და მეორეს დაჭრის ამბავი მოუტანეს.
მინდა დავწერო თავად შემს ოჯახზე, როგორ დავატარებდი ცალფეხა, უსინათლო მოხუცს მაღლა სართულიდან დაბლა და, როცა ვუთხარით, რომ ახლა თვითონ უნდა მოგხვმარებოდა, უნდა წამომდგარიყო და მაქანამდე უნდა მიგვეყვანა, გაუკვირდა. არასოდეს დამავიწყდება მისი უსიცოცხლო თვალები. სიტყვები: ”რას ამბობთ, რა ომი, რის ომი, მე მომსწრე ვარ ომისა, მე ვიცი რა არის ომი, დამტოვეთ, თავს უშველეთ!”
.... და კვლავ მოლოდინი სახლში დაბრუნების, შვილიშვილის საფლავის მონახულების, დაჭრილი შვილის გამოჯანმრთელებისა...
მინდა კიდევ დავწერო, მაგრამ რაღაც მბორკავს, გულში ვამბობ: ვაიმე, უარესი ტომ მოხდეს და კვლავ მოლოდინი კარგის თუ ცუდის, არ ვიცი, არ ვიცი...
ი. ნაოჭაშვილი
სსიპ გორის 1 სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.